Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ევროპული ორბიტა" - ლომჯარიას საზოგადოებრივი პლატფორმა ღონისძიებას გამართავს


ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

7 სექტემბერს ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ პირველ საჯარო ღონისძიება - „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“ - გაიმართება.

„საქართველოს ევროპული ორბიტა“ ახალი ორგანიზაციაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), რომლის დამფუძნებლები, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად, არიან: „სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, ISFED-ის ყოფილი იურისტი ნინო რიჟამაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მწერალი მინდია არაბული.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან: ნინო ლომჯარია, ფიზიკოსი გია დვალი, მწერალი ნინო ხარატიშვილი, დირიჟორი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ისტორიკოსი ნიკოლოზ ალექსიძე, ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი და „რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი.

ყოფილმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი პლატფორმა ეცდება საზოგადოების კონსოლიდაცია აჩვენოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით. „ჩვენი აქტიურობით ვეცდებით, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ვაჩვენოთ სტატუსის მიღების მხარდასაჭერად, მოვაგროვოთ მოქალაქეების ხმები, მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა აჩვენონ ამ პროცესისადმი ჩართულობის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის საკითხზე უცხოეთში ვიზიტებსაც გეგმავენ. „იქნება ასევე ვიზიტებიც ევროპაში, იქნება შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი, იმ იდეას და ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ღია ყველასთვის“, - თქვა პლატფორმის ხელმძღვანელმა.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად არ გარდაიქმნება. „მე ვხედავ საჭიროებას იმის, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ არის პოლიტიკური და კიდევ ერთხელ, ეს პლატფორმა არ გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, შემიძლია გითხრათ, - თქვა ლომჯარიამ და დაამატა, - რასაც ჩვენ ვიწყებთ, არ არის პარტიული და პირიქით, ჩვენ გვინდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს ქმედებებისთვის, რომლებსაც არ სურთ პარტიასთან ან მომავალში რომელიმე პარტიასთან აფილირება“.

„საქართველოს ევროპული პლატფორმის“ მმართველი ორგანოს, გამგეობის წევრები არიან: სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ეკატერინე სხილაძე, ISFED-ის პროექტების ყოფილი მენეჯერი ნინო ოდიშარია, „რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი, ისტორიკოსი ნიკოლოზ ალექსიძე და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი მირიან ჯუღელი.

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ნინო ლომჯარიას უკავია.

ნინო ლომჯარია 2017 წლის 7 დეკემბრიდან, 2022 წლის 8 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას.

XS
SM
MD
LG