ქეთევან დუმბაძე, რომელიც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად დაინიშნა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა (68 მომხრე, 1 წინააღმდეგი).
მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერალთა ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხარდამჭერი ავტორების განცხადებაც.
მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.