"ეს [პროცესი] ჩემთვის ქვეყნის რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს" - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მან ეს კომენტარი საოკუპაციო ხაზთან, ოძისში გააკეთა, სადაც სხვა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ანალიტიკოსებთან და მკვლევარებთან ერთად ჩავიდა.
დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოში თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება!“-ში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. კონფერენციას თბილისი 4-5 სექტემბერს უმასპინძლებს.
ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში ოკუპაციაზეც გააკეთა კომენტარი.
"პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან, აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს" - თქვა ევროპარლამენტარმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, 1 სექტემბერს გახდა ცნობილი.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.