მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე. კომენტარი, რომელშიც პარლამენტის დეპუტატი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს, როგორც "ქართული ოცნების" პრესსამსახურში ამბობენ, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "რუსთავი 2"-მა და პირველმა არხმა ჩაწერა.
"რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია... იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია", - თქვა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.
გუშინ, 30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".