წელს რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია 70 წლის გახდა. ჩვენი პირველი გადაცემა 1953 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. ეს კერძო ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, შეიქმნა როგორც საბჭოთა პროპაგანდის საპირწონე და მას მერე მისი მიზანი იყო, საბჭოთა ბლოკში მცხოვრები ადამიანებისთვის მათივე ცხოვრების შესახებ მიეწოდებინა სიმართლე, მოეთხრო იმაზე, რასაც კომუნისტური რეჟიმები უმალავდნენ ხალხს. საბჭოთა ბლოკის დამხობის შემდეგ მან უკვე თავისუფლად დაიწყო მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც. თუ როგორ მუშაობს ეს მედიაორგანიზაცია ციფრულ ეპოქაში, იოლად მოსაძიებელია რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში. მაგრამ 70 წლისთავთან დაკავშირებით გვინდა გაგაცნოთ მასალები რადიო თავისუფლების არსებობის პირველი ათწლეულებიდან. აუდიოარქივი მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, თემასა და ჟანრს. დროთა განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება რადიო თავისუფლების აუდიოარქივის უდიდესი ნაწილი, რომელიც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე აიტვირთება.
რადიო თავისუფლება 70: ინტერვიუ რუსთველოლოგ ვიქტორ ნოზაძესთან (1966)
ცნობილ ემიგრანტ მეცნიერთან, პარიზში მცხოვრებ რუსთველოლოგ ვიქტორ ნოზაძესთან (1893-1975) ინტერვიუ ჩაწერილია 1966 წლის ნოემბერში. მასში საუბარია რუსთაველის დაბადების 800 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში გამართულ საზეიმო სხდომაზე, ვიქტორ ნოზაძის სამეცნიერო საქმიანობაზე, ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაზე საზღვარგარეთ. საუბარს უძღვება ოთარ კეთილაძე (კარლო ინასარიძის ფსევდონიმი).