Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბრიუსელი, 30 მაისი, 2023.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბრიუსელი, 30 მაისი, 2023.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 სექტემბერს შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

31 აგვისტოს ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.

30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".

31 აგვისტოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრის დროს ყურადღებას გაამახვილა იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე.

„რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია... იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას", - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი 56.

XS
SM
MD
LG