Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი ფრენის დროს ნიღბავდა თავის თვითმფრინავებს-WSJ


პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები.ტვერის ოლქი, 2023 წლის აგვისტო
პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები.ტვერის ოლქი, 2023 წლის აგვისტო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აგვისტოს ბოლოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სირიაში, ლიბიაში ან საჰარაში მოგზაურობის დროს იყენებდა თვითმფრინავებს, რომლებიც აღჭურვილი იყო შენიღბვისა და თვალთვალისგან თავის არიდების საშუალებებით.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი პენსიაზე გასული რუსი მფრინავების, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლების, ასევე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.


გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე წლის წინ პრიგოჟინმა და მისმა თანამოაზრეებმა გულდასმით მოიფიქრეს ფრენების შენიღბვის ზომები. კერძოდ, მოსკოვის მახლობლად ჩკალოვსკის აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები რთავდნენ ტრანსპონდერებს და რადარებიდან უჩინარდებოდნენ.

Wall Street Journal-ის ცნობით, ეკიპაჟის წევრებს ყალბი პასპორტები ჰქონდათ, ფრენისთვის რეგისტრირებული მგზავრების სიები კი აფრენამდე იცვლებოდა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრენის შუა პერიოდში შეიძლებოდა მოულოდნელად შეცვლილიყო დანიშნულების ადგილი.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა განმარტეს, რომ ივნისის ბოლოს, ამბოხის მცდელობის შემდეგ, რუსეთში ფრენისას პრიგოჟინმა შეწყვიტა სამხედრო აეროდრომების გამოყენება. მან ასევე შეწყვიტა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების გამოყენება. აგვისტოში აფრიკის მიმართულებით მიმავალ ერთ-ერთ რეისზე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა საკუთარი თავი მგზავრების სიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიყვანა, - აცხადებს გამოცემა.

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ტრაგიკული" უწოდა და თქვა, რომ "აბსოლუტური სიცრუეა" ვარაუდები კატასტროფის განზრახ გამოწვევის თაობაზე.

XS
SM
MD
LG