საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას პერსპექტივა არ აქვს. გია ვოლსკიმ პარლამენტში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს თავისი სტრატიგული ხედვა და ამოცანები აქვს, რომელიც საქართველოს ხედვებთან წიანაღმდეგობაშია, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია.
„რასაკვირველია, ჩინეთთან და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადების პასუხად, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ წაიწიონ“.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს „წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს“, რომელიც აქამდეც წარმატებულ იყო.
ამასთან კობახიძის განცხადებით, ჩინეთთან საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა „არის ძალიან დიდი მიღწევა“ და „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულები“.
კარასინი ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთის" აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. სადაც განაცხადა, „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლების განმავლობაში ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე“ და რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ წაიწიონ“.
ჩინეთი და ინდოეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რომელშიც მხარეები ადასტურებენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
.