პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ ბელარუსთან თავიანთ საზღვრებს სრულად ჩაკეტავენ, თუკი გასამხედროებულ ჯგუფ "ვაგნერის" მებრძოლების ჩართულობით მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდება - იმ ფონზე, როცა მატულობს შეშფოთება "ვაგნერის" სტაბილურობის შესახებ, მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ.
28 აგვისტოს ვარშავაში, შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ თქვა, რომ ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნები - მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი - მოითხოვენ "ვაგნერის" მებრძოლების ბელარუსიდან დაუყოვნებელ გაყვანას და ამ არეალებიდან უკანონო იმიგრანტების რეპატრიაციას, რათა შემცირდეს მნიშვნელოვანი ინციდენტის შესაძლებლობა.
"მნიშვნელოვანი ინციდენტი თუ მოხდება - სულ ერთია, ეს პოლონეთის საზღვართან იქნება, თუ ლიეტუვის - ჩვენ დაუყოვნებელ რეაგირებას მოვახდენთ. ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომლებიც ამ დრომდე ღიაა, დაიხურება" - თქვა კამინსკიმ.
ივნისის ბოლოს რუსეთში ხანმოკლე ამბოხების მოწყობის შემდეგ, "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ბელარუსში გადავიდა. ეს იყო ნაწილი შეთანხმებისა, რომლითაც მათ უნდა დაეტოვებინათ უკრაინა - სადაც "ვაგნერი" რუსეთის ძალებთან ერთად იბრძოდა.