Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შემოდგომაზე დაიწყებს F-16-ების სამართავად უკრაინელების მომზადებას


საილუსტრაციო ფოტო. ავიაგამანადგურებლები F-16
საილუსტრაციო ფოტო. ავიაგამანადგურებლები F-16

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო უახლოეს თვეებში დაიწყებს F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვისა და ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას. პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი სწავლება ოქტომბერში დაიწყება არიზონის შტატში მდებარე მორისის საავიაციო ბაზაზე. გენერალ რაიდერის თანახმად, ამ წვრთნებით შეივსება F-16-ების სამართავად უკრაინელების მომზადების პროგრამა, რომელიც უკვე დაიწყეს შეერთებული შტატების ევროპელმა მოკავშირეებმა.

20-21 აგვისტოს ნიდერლანდსა და დანიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების თანხმობის შემდეგ, ნიდერლანდი უკრაინას გადასცემს 42 ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ს, ხოლო დანია - 19-ს. მათ სანაცვლოდ ეს ქვეყნები ახალ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებენ.

პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნიდერლანდელ და დანიელ კოლეგებს აცნობა, რომ აშშ თანახმაა უკრაინას გადასცენ F-16-ები. დანიაში უკვე მიმდინარეობს უკრაინელი პილოტების მომზადება.

2023 წლის ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის და ალიანსის წევრი 11 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა გააფორმეს F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად კოალიციის შექმნის მემორანდუმი.

XS
SM
MD
LG