Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში გამართულ სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს


ათენში გამართული სამიტის მონაწილეები
ათენში გამართული სამიტის მონაწილეები

ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული 21 აგვისტოს სამიტის შემდეგ მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტია ევროპისთვის, რაც ქმნის საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ინფორმირებულობის ახალ დონეს ევროკავშირში. ეს არის კრიტიკული დრო ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დაირღვა კანონები და პრინციპები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპული უსაფრთხოების სტაბილურ და სავარაუდო წესრიგს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რევიზიონიზმის დამღუპველ შედეგებს", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ათენში მიღებულ დეკლარაციაში გამოთქმულია „ურყევი მხარდაჭერა“ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. დოკუმენტის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს ომის დანაშაული და ისეთი სისასტიკე, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის განადგურება და თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უნდა დაისაჯოს ამაში პასუხისმგებელი ყველა პირი.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.

XS
SM
MD
LG