ირანის უშიშროების ძალებმა ჩრდილოეთის პროვინცია გილანის რამდენიმე ქალაქში დააკავეს ქალთა უფლებების ცხრა ცნობილი აქტივისტი. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აძლიერებს რეპრესიებს მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავის მოახლოების გამო.
აქტივისტები დააკავეს 16 აგვისტოს, დაკავების ზუსტი მიზეზები და მათი ადგილსამყოფელი საჯაროდ არ გამოუცხადებიათ.
რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან ინტერვიუში ქალთა უფლებების დამცველი მანსურე შოჯაი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, დაკავებები ნაწილია ისლამური მმართველობის სტრატეგიისა, გააკონტროლოს 16 სექტემბერი, ამინის სიკვდილის წლისთავი. შოჯაის თქმით, დაკავებულთაგან ბევრი უკვე ორ ათწლეულზე მეტია, იცავს ქალთა უფლებებს.