ირანის ხელისუფლება განიხილავს ზომებს, რომლებიც, ჩანს, იმ მიზნით იქნება მიღებული, რომ თავიდან აიცილონ სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები სწავლის განახლების შემდეგ, სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების დღეს.
ამინი, რომელიც პატიმრობაში გარდაიცვალა, შარშან სექტემბერში თავსაბურავის არასწორი ტარების გამო დააკავა მორალის პოლიციამ.
უფლებადამცავების თანახმად, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო ირანის 140-მა მსხვილმა უნივერსიტეტმა მოაწყო საპროტესტო აქცია.
თეირანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა მეჰდი გოლშანიმ წამოაყენა წინადადება, სწავლება პირველ ოქტომბრამდე მხოლოდ ონლაინ მოხდეს, რამაც, ოფიციალური ცნობით, უნდა შეამციროს დედაქალაქის ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
ამასთან ერთად, ირანის უშიშროების სამსახურებმა დაიწყეს სტუდენტების „სატელეფონო გამოძახების“ სერია მას მერე, რაც მოსთაფა რასთეღარიმ, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წარმომადგენელმა უმაღლესი განათლების სფეროში, გაფრთხილება გამოთქვა შესაძლებელი საპროტესტო გამოსვლების თაობაზე და მათი შეჩერებისთვის ზომების გატარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
ამის შემდეგ სტუდენტური საბჭოები მთელ ირანში იტყობინებოდნენ იმ სტუდენტების „სატელეფონო გამოძახებზე“, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ საპროტესტო აქციების მოწყობა. ზოგ შემთხვევაში, როცა სტუდენტებმა სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, უშიშროებამ მათი ოჯახის წევრებს მიმართა.