პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აბსოლუტურად მართებულს უწოდებს კოლეგისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ნათქვამს შოვში მეწყერს გადარჩენილ დავით ჯელაძეზე. ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა.
"რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს", - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი ნათქვამის მიხედვით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან დავით ჯელაძის შესახებაც ილაპარაკა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს.
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.