შოვის მეწყრული ზონიდან უკვე გამოიყვანეს იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში. საევაკუაციო პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი.
"სასწაულებრივად გადავრჩით. სამი საათი ველოდებოდით ვერტმფრენს. თავიდან ქალები და ბავშვები წამოგვიყვანეს. ახლა ჩემს ბიძაშვილს ველოდები, შემდეგი ვერტმფრენით უნდა გადმოიყვანონ.
წამიერად მოხდა ყველაფერი, საშინელი ხმა იყო. მოვტრიალდი და დავინახე, რომ მთელი მთა მოდიოდა და გამოვიქეცი. სასტუმროს შენობამ გადაგვარჩინა, ყველაფერი წაიღო. 100 კვადრატული დარჩა, სადაც ვიდექით... ბედისწერაა, რა... სასტუმროში ვინც ვიყავით, გადავრჩით. გვერდით სახლები რაც იყო, წაიღო. ამბობენ, რომ გადარჩნენ... ვიცი, რომ ეძებენ ისევ ხალხს", - ამბობს ახალგაზრდა ქალი "მთავარ არხთან".
ამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, არიან თუ არა შოვში ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე.
რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით სამი საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.