Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში შეზღუდვები დროებით მოუხსნეს


ფოტო არქივიდან: ცხინვალი
ფოტო არქივიდან: ცხინვალი

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს, საქართველოს სხვა მხარეებთან დე ფაქტო საზღვარზე, გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობის წარმოების უფლება მიენიჭებათ. საუბარია ეკონომიკურ და სასოფლო სამეურნეო საქმიანობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონების ე.წ. სასაზღვრო ზონაში „შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე“. ამის შესახებ დე ფაქტო „კაგებეს" პრესსამსახური იუწყება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „აღნიშნული მიზნებისთვის ე.წ. სასაზღვრო ზონაში შესასვლელად აუცილებელია რუსეთის „ეფესბეს" სასაზღვრო სამსახურის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით - პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილის, სახეობის და დროის მითითება“.

როგორც ცნობილია, რუსეთის „ეფესბეს" და დე ფაქტო „კაგებეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო საზღვარს იცავენ. იქ მოქმედებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის და სასაზღვრო ზონის დაცვის რეჟიმები. სასაზღვრო ზონებად მიიჩნევა ის სოფლები და ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებს ესაზღვრება. ამ სოფლებში შესვლას კი სპეციალური ნებართვები სჭირდება, რომლებსაც დე ფაქტო „კაგებე" გასცემს.

მოქალაქეს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ე.წ. სასაზღვრო ზონაში, იქ შესასვლელად „კაგებეს" და „ეფესბეს" ნებართვები სჭირდება. ე.წ. სასაზღვრო ზონაში უნებართვოდ მოხვედრა ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს. ამჟამად კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და სასოფლო პროდუქტების გატანის უფლების მინიჭებით დე ფაქტო უწყებამ, რუსეთის შესაბამის სამსახურთან ერთად, გამონაკლისი დაუშვა.

ივლისში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. „კაგებეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში, ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86 - ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91- ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი. როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა.

დე ფაქტო „კაგებეს" ცნობით, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“, - ნათქვამია დე ფაქტო „კაგებეს" პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ სტატისტიკიდან იკვეთება, რომ ყველაზე ხშირად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სწორედ ე.წ სასაზღვრო ზონაში უნებართვოდ შესულებს აკავებენ და აჯარიმებენ.

XS
SM
MD
LG