თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ თურქეთში პუტინის ვიზიტზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, თუმცა ვიზიტის კონკრეტულ დროს არ ასახელებს.
რეჯეპ ტაიპ ერდოანის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი დღეს, 2 აგვისტოს, გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის მეტად ესკალაციისკენ ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. ერდოანმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივას, რომელსაც მშვიდობის ხიდი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „მარცვლეულის შეთანხმების" ხანგრძლივად შეწყვეტა სარგებელს არავის მოუტანს და განსაკუთრებით დააზარალებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. ერდოანის განცხადებით, თუ შეთანხმების მოქმედების პერიოდში ხორბალი 23%-ით გაიაფდა, ბოლო ორ კვირაში მისი ფასი 15%-ითაა გაზრდილი.
პუტინი-ერდოანის სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება კრემლიც, თუმცა მის ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის ნახსენები, რომ მიღწეულია შეთანხმება თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ. კრემლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ „სხვადასხვა დონეზე კონტაქტების გაგრძელებაზე, მათ შორის შესაძლო შეხვედრის მომზადების კონტექსტში". რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ" აზრი დაკარგა, რადგან რუსეთთან დაკავშირებული მემორანდუმის შესრულების მხრივ არანაირი პროგრესი არ იყო. კრემლის თანახმად, პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი დასავლეთი შეასრულებს რუსეთის წინაშე „დაფიქსირებულ ყველა ვალდებულებას".
რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.
რუსეთი შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.
რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
- შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.