Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით გაანადგურა იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა


დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული ადმინისტრაციული შენობა იზმაილის პორტში. 2023 წლის 2 აგვისტო
დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული ადმინისტრაციული შენობა იზმაილის პორტში. 2023 წლის 2 აგვისტო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად გაანადგურეს ან დააზიანეს მდინარე დუნაიზე მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის წესების და კანონების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა იზმაილის საოლქო პროკურატურამ.

რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით გასული ღამით შეუტია.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, იზმაილის პორტში დაზიანებული და დანგრეულია მარცვლეულის საცავები, სატვირთო ტერმინალის რეზერვუარი, საწყობები და „დუნაის სანაოსნოს" ადმინისტრაციული შენობა. ნაწილობრივ დაინგრა ნავსადგურის 3-სართულიანი შენობაც.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამით ოდესის ოლქში მოიგერიეს მოწინააღმდეგის 11 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობა არ აკონკრეტებს, სულ რამდენი დრონი გამოიყენა რუსეთმა და რამდენმა მიაღწია სამიზნემდე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს პორტებს, ხორბალს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას". ზელენსკის თქმით, მსოფლიოს რეაქცია უნდა ჰქონდეს, რადგან როცა სამიზნე ხდება სამოქალაქო პორტები და „ტერორისტები შეგნებულად ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეა ყველასთვის, ყველა კონტინენტზე" და რუსეთი უნდა შეაჩერონ.

რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.

XS
SM
MD
LG