Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა ჩინეთში, ბიზნესფორუმზე ანაკლიის პორტისა და დიდი ჰესების შესახებ ილაპარაკა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ გულწრფელ სიხარულს გამოხატავს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის გამო. მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის სასარგებლო თანამშრომლობას.

როგორც პრემიერმა თქვა, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა. მისი შეფასებით, ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მიზანია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.

„ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა.

„ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრორესურსები. ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით, - აღნიშნა მან და განაგრძო, - სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალი სქემა ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს".

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ჩინეთში ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.

სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი კომპონენტისგან შედგება. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობისა და საერთაშორისო განზომილება.

XS
SM
MD
LG