Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა მათ ქართველ კოლეგებს დაეხმარება


ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ", დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა კლინიკა „ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება.

„ნამდვილად მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების იმისთვის, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. მოხარული ვარ, რომ ჩამოვიდნენ, მოინახულეს ის, აიღეს ნიმუშები. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ასევე ესაუბრნენ ექიმებს აქ, საქართველოში, რომლებიც მზრუნველობას უწევენ მიხეილ სააკაშვილს და იმედი მაქვს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება, გამოიყენონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია, როგორ ცდილობდა პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

17 ივლისს „ვივამედის" ინციდენტის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის „სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანის" გამო.

19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG