Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 20 მაისს დაიწყება


აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე მომავალი წლის 20 მაისს დაიწყება. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ოლქის მოსამართლემ ეილინ ქენონმა მიიღო.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპის ადვოკატები ამ თარიღის წინააღმდეგი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

საქმის სასამართლო განხილვები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში დაიწყება.

ტრამპის სპიკერის განცხადებით, სასამართლო პროცესის განრიგი „პრეზიდენტ ტრამპს და მის იურიდიულ გუნდს საშუალებას აძლევს, განაგრძონ ბრძოლა“ სისხლის სამართლის გამოძიების წინააღმდეგ.

აშშ-ს სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის ოფისის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ტრამპს ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში. დონალდ ტრამპს დანაშაული არ უღიარებია.

ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლეს მოსმენის დეკემბერში დანიშვნა სთხოვა.

დონალდ ტრამპი სასამართლოში 25 მარტს უნდა გამოცხადდეს საქმიანი დოკუმენტების გაყალბების რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სიჩუმის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების დაფარვის მცდელობისთვის.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი 2024 წელს მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG