Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ გაასაჯაროვა ტრამპისთვის წაყენებული 37 ბრალდება


დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გაასაჯაროვა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის წაყენებული 37 ბრალდება, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და ყალბი განცხადებებით გამოსვლას.

დოკუმენტები გასაჯაროვდა იმ დღეს, როცა ორმა იურისტმა განაცხადა, რომ არ დაიცავენ ყოფილი პრეზიდენტის ინტერესებს, ხოლო ექსპრეზიდენტის ყოფილ თანაშემწეს, უოლტ ნაუტს ბრალი წაუყენეს ტრამპის რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობაში.

ტრამპი სასამართლოს წინაშე წარდგება სამშაბათს, 13 ივნისს, თავის 77-ე დაბადების დღეზე.

ტრამპს ადანაშაულებენ "აშშ-ში ბირთვული შეიარაღების" და "უცხო ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების" შესახებ დოკუმენტების შენახვაში - სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება თეთრ სახლში ჩატარებულ შეხვედრებს დაზვერვის საკითხებზე, მათ შორის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების თაობაზე.

მთავარი ბრალდებები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2021 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტში მომუშავე პირს აჩვენა რუკა, რომელზეც დეტალურად იყო აღწერილი უცხო ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია - აცხადებენ პროკურორები. სხვა შემთხვევაში, იმავე წელს, ტრამპმა თავდასხმის სამხედრო გეგმა აჩვენა მწერალს, გამომცემელს და თავისი ოფისის ორ თანამშრომელს - რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომის უფლება.

ტრამპმა, თავისი სოციალური ქსელით, ხუთშაბათს მისთვის წაყენებულ ბრალდებას უწოდა "შავი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის". გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ის ამბობს - "მე უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მყარად და, იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებ".

XS
SM
MD
LG