ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების გამჭვირვალობას. საქმე ეხება პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა და 2 თებერვლით არის დათარიღებული.
„მე არ მინახავს ეს დოკუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის იყო კანონი, რომელზეც საქართველოში მარტში გაიმართა კენჭისყრა, რომელიც ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. შეერთებული შტატების აქტი ორიენტირებულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ ამ გარე წყაროების სასარგებლოდ.
საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ის კანონსა და იმ კანონს შორის, რასაც აქ [საქართველოში] კენჭი უყარეს, რუსული სტილის კანონს, რომელიც ჩააგდეს. ჩვენ თუ გადავხედავთ რუსეთს, უცხოური აგენტების კანონის გავლენას, მან დამანგრეველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა ან დაიხურა ან დატოვა ქვეყანა. ისევ და ისევ, აშშ-ის კანონი ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის სამუშაოდ", - თქვა ელჩმა. ის იმყოფებოდა ჟურნალ „დომუსის" მეოთხე ნომრის პრეზენტაციაზე, სადაც არქიტექტურის მომავალზე დისკუსია გაიმართა.
20 ივლისს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!"
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო - ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.