მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ოფიციალურ ცნობაში ვკითხულობთ, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.
პრემიერის განცხადებით, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება", - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის გარდა ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ახორციელებს.
გამარტივებული შესყიდვის განაცხადში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2023 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის ღირებულებაა 60 000 000 ლარი".