ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირებაზე წელს 150 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ერთი კილო ყურძნის ფასი 90 თეთრი იქნება - ინფორმაცია ამის შესახებ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. მან თქვა, რომ ელოდებიან რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, რთვლის სუბსიდირების პროცესის გამართულად მუშაობისთვის, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი.
"ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი [ოთარ შამუგია, სოფლის მეურნეობის მინისტრი. რ.თ] დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, წელს რთვლის სუბსიდირების პროგრამაში 300-მდე კომპანიაა ჩართული.
ირაკლი ღარიბაშვილმა რთველზე საუბრისას ახსენა 10 წლის წინანდელი ხელისუფლება და თქვა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა უკეთეს პირობებს სთავაზობს ფერმერებს.