Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინაგრის ოსური მოსახლეობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაკავებებს აპროტესტებს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი. 11 ივნისი, 2018 წელი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი. 11 ივნისი, 2018 წელი

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს არ აკავებენ. ე.წ. საზღვრის და სასაზღვრო ზონის დარღვევის გამო სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც. 18 ივლისს ოკუპირებულ სოფელ წინაგარში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მათი პრობლემების მოსასმენად ჩავიდა.

წინაგარი ხურვალეთს და ბერშუეთს ესაზღვრება. ოსური მედიის ცნობით, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაგლოევს შესჩივლეს, რომ რუსეთის მესაზღვრეები ხშირად აკავებენ და აჯარიმებენ. როგორც ამბობენ, ეკონომიკური საქმიანობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს ვერ აუდიან. ხშირად მათ ე.წ. სასაზღვრო ზონაში საქონლის გადაყვანის გამო აკავებენ და აჯარიმებენ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონი ვრცელდება „სასაზღვრო ზონის" ყველა მცხოვრებზე და მესაზღვრეები იცავენ იმ ხელშეკრულების პუნქტებს, რომელსაც მხარეებმა - რუსეთის ფედერაციამ და ე.წ. სამხრეთმა ოსეთმა - 2008 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი.

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტმა გასცა შესაბამისი ბრძანება ამ საკითხის შესწავლისა და მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები გამოსავლის მოძებნის მიზნით.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკა ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. „კაგებეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86 - ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91 - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის. როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა. დე ფაქტო „კაგებეს" თანახმად, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“.

ამ სტატისტიკის მიხედვით, ე.წ საზღვრის და სასაზღვროს ზონის დარღვევის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილი დააჯარიმეს. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იხდის სასჯელს.

წინაგრელებმა ბიბილოვს ე.წ თანხის ჩასარიცხი აპარატების დადგმაც მოსთხოვეს. მათი თქმით, სოფელში არ არის სპეციალური აპარატები, რომელთა მეშვეობითაც გადაიხდიან გადასახადებს. „როდესაც ტელეფონზე ბალანსი იწურება, ბალანსის შესავსებად ცხინვალში უნდა წავიდეთ. დაგვეხმარეთ ამ საკითხში", - უთხრეს წინაგრელებმა დე ფაქტო პრეზიდენტს, რომელმაც პირობა დადო, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს.

XS
SM
MD
LG