Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი პოლონურ მხარეს მიმართავს, საგანგებო კონტროლი დააწესონ დალუქული ნიმუშების გახსნის პროცესზე


გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და პოლონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშების მალულად გატანის საკითხზე პოლონურ მხარეს მიმართავს. ვოლსკი დალუქული ნიმუშების გახსნისა და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარების პროცესზე საგანგებო კონტროლის დაწესების საკითხს აყენებს.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, ვიფიქროთ, არის ის, რომ მას [პოლონელ ექიმს] ჰქონოდა ე.წ. მარცხენა ეგზემპლარები ნიმუშებისა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და ოფიციალურად უნდა გადაეცათ ლაბორატორიისთვის. ოფიციალური გადაცემა დალუქული ნიმუშების სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ, როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თუკი ვინმე დაინტერესებულია, უკვე ოფიციალურად დალუქულ ამ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ექმნება. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლონეთის მხარეს მივმართავ, რომ საგანგებო კონტროლი დააწესონ დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარების პროცესზე.

იმ ვითარებაში, როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, ეს საფუძველს იძლევა იმისა, რომ გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა ნიმუშების. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს წარმოუდგენელი აქცია, რაც ჩაატარა პოლონელმა ექიმმა, მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მას ნიმუშის მალულად გატანის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ ჰკითხეს.

„იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით...

ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა სერიოზული კითხვის ნიშნები პოლონელი ექიმების მიმართ, მათი ქმედებების მოტივაციის შესახებ და ვართ დაინტერესებულები, რომ მივიღოთ მათგან ამომწურავი პასუხები", - თქვა მინისტრმა.

12 ივლისს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

XS
SM
MD
LG