Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მწერალმა ვიკტორ შენდეროვიჩმა სასამართლოს მიმართა საქართველოში არშემოშვების გამო


მწერალი ვიკტორ შენდეროვიჩი
მწერალი ვიკტორ შენდეროვიჩი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსმა მწერალმა, პუბლიცისტმა და სატირიკოსმა ვიკტორ შენდეროვიჩმა. მან სამართლებრივი დავა საქართველოში არშემოშვების გამო დაიწყო.

„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შსს-მ არ შემომიშვა ქვეყანაში, მიზეზების ახსნის გარეშე. თბილისსა და ბათუმში ჩაიშალა ჩემი ორი წარმოდგენა. მე გადავწყვიტე, შანსი მივცე ძვირფას საქართველოს სახელმწიფოს, გამოასწოროს ეს შეცდომა და სარჩელი შევიტანე", - დაწერა შენდეროვიჩმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

შენდეროვიჩის ინტერესების დამცველი, ადვოკატი და უფლებადამცველი მარია არხიპოვა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ივლისს შეიტანეს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, საზღვარზე არ გაითვალისწინეს არგუმენტები, რომ ვიკტორ შენდეროვიჩი ადრე იმყოფებოდა საქართველოში, ასევე, რომ დაგეგმილი ჰქონდა ორი გამოსვლა, რომელთა ბილეთებიც უკვე გაყიდული იყო.

სარჩელის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შენდეროვიჩი 1 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ზონიდან უკან დააბრუნეს ისრაელის რეისით. მისთვის საქართველოში არშემოშვების მიზეზები არ განუმარტავთ.

ვიკტორ შენდეროვიჩი, რომელიც საქართველოში მანამდე რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტადაა“ აღიარებული.

მწერალი რუსეთში აღარ ცხოვრობს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მან რუსეთის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, ერქვა „თავისუფლების აღკვეთა". ის ქვეყნიდან წასვლას იძულებითს უწოდებდა და ამას პუტინის ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის დევნით ხსნიდა.

გასული წლის 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა ევგენი პრიგოჟინის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური) სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ევგენი პრიგოჟინის შესახებ შენდეროვიჩის მიერ მოტანილი ცნობები და იგი დაავალდებულა, უარეყო საკუთარი სიტყვები. შენდეროვიჩმა პრიგოჟინს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიზეზის განუმარტავად არ შემოუშვეს ათეულობით რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი.

XS
SM
MD
LG