საქართველოში არ შემოუშვეს რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი. მას 2 ივნისს - თბილისში, 4 ივნისს კი ბათუმში ჰქონდა ღონისძიება დაგეგმილი.
შენდეროვიჩის არშემოშვების შესახებ 1 ივნისს ინფორმაცია გაავრცელა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა, ბათუმში შენდეროვიჩის კონცერტის ორგანიზატორებზე დაყრდნობით.
ლევშიცის სიტყვებით, შენდეროვიჩი თბილისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლიდან უკან დააბრუნეს ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა. არ არის დაზუსტებული, მწერალი საქართველოში რა მიზეზით არ შემოუშვეს. მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია თავად მწერალს.
ბოლოს ვიქტორ შენდეროვიში საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა.
გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 მაისს შენდეროვიჩის გამოსვლა გაფრთხილების გარეშე გააუქმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა. მანამდე, 11 მაისს, ვილნიუსში პროუკრაინელმა აქტივისტები შეიკრიბნენ იმ შენობასთან, სადაც მწერალს გამოსვლა ჰქონდა. როდესაც აქტივისტებთან სალაპარაკოდ მივიდა, შენდეროვიჩს კეტჩუპი შეასხეს. მას გაახსენეს ფრაზა „ჩვენი ბიჭები", რომელიც რუსეთის სამხედროების მიმართ იყო გამოყენებული „ეხო მოსკვის" ეთერში. თავად შენდეროვიჩმა განმარტა, რომ ეს სიტყვები სხვა ადამიანის ციტირების დროს ახსენა.
ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული. მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთს ტოვებდა. მის პოსტს ერქვა „თავისუფლების აღკვეთა". ის ქვეყნიდან წასვლას იძულებითს უწოდებდა და ამას პუტინის ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის დევნით ხსნიდა.
გასული წლის 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა ევგენი პრიგოჟინის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური) სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ევგენი პრიგოჟინის შესახებ შენდეროვიჩის მიერ მოტანილი ცნობები და დაავალდებულა მოპასუხე მხარე, რომ უარეყო საკუთარი სიტყვები. შენდეროვიჩმა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პრიგოჟინს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მიზეზის განუმარტავად არ შემოუშვეს ათეულობით რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი.
6 მაისს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოფრენილ ჩეჩენ ჟურნალისტს, ჟალავდი გერიევსაც - ქუთაისის აეროპორტში მიზეზი არ აუხსნიათ.