რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას, თუკი ამ ტიპის იარაღს უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ წინააღმდეგ მიმართავენ.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორესპონდენტთან პაველ ზარუბინთან საუბრისას განაცხადა.
„აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ“, - ამბობს პუტინი.
გასულ კვირაში პენტაგონში დაადასტურეს, რომ უკვე უკრაინაშია კასეტური საბრძოლო მასალები, რომელთა გადაცემის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.
უკრაინის არმიის სამხედრო დაჯგუფების, „ტავრიის“ მეთაურმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ ტელეკომპანია CNN-ს 13 ივლისს განუცხადა, რომ აშშ-ისგან კასეტური საბრძოლო მასალები უკვე მიიღეს.
საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ე.წ. კასეტური ბომბი აფეთქებისას ბევრ ნაწილად იშლება, ზოგიერთი მათგანი ხმელეთზე დროებით აუფეთქებლად რჩება და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში, საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის არაერთი ნატოელი მოკავშირე, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, კასეტურ საბრძოლო მასალებს რუსეთიც გამოიყენებს. თუმცა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ე.წ. კასეტურ ბომბებს მანამდეც იყენებდნენ. უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის თანახმად, კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს როგორც რუსეთი, ისე უკრაინა.