Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wall Street Journal-ი: გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით დააკავეს


სერგეი სუროვიკინი, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე
სერგეი სუროვიკინი, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე

უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილის, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის დაკავების შესახებ იუწყება Wall Street Journal-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სუროვიკინთან ერთად კიდევ 13 უფროსი ოფიცერი იყო დაპატიმრებული ჩვენების მისაცემად. ისინი დააკავეს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ ის და მისი დაქირავებული მებრძოლები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“, იწყებენ „სამართლიანობის მარშს“ მოსკოვზე.

გამოცემის წყაროს მონაცემებით, სერგეი სუროვიკინი პატიმრობაში იმყოფება და მას ჰკითხავენ მოსკოვში. Wall Street Journal-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ გენერალს დანაშაულის ჩადენაზე ბრალდება არ აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, მაგრამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ზოგიერთი დაკავებული ოფიცერი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ზოგს უფლებამოსილება შეუჩერეს ან გაათავისუფლეს.

Wall Street Journal-ი თანამოსაუბრეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ კრემლი აქტიურ ძალისხმევას ეწევა არალოიალური ოფიცრების გამოსავლენად. „წმენდას ატარებს“ იმ ოფიცერთა რიგებში, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება ენდო.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ „სუროვიკინი ამჟამად ისვენებს და მიუწვდომელია“. სუროვიკინი 23 ივნისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც გამოიწვია ხმების გავრცელება იმაზე, რომ ის დაპატიმრებულია.

გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ივნისის ბოლოს იუწყებოდა, რომ გენერალი სერგეი სუროვიკინი არ დაუპატიმრებიათ და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

• 2023 წლის 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა და მისმა დაქვემდებარებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ სცადეს ამბოხების მოწყობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ერთ დღეზე ნაკლებ დროში „ვაგნერელებმა“ აიღეს დონის როსტოვი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. პრიგოჟინსა და ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, „ვაგნერის“ სვლა მოსკოვისკენ შეჩერდა. აჯანყების ფაქტზე იმავე დღეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ევგენი პრიგოჟინი და ნებაყოფლობითი დაქირავებულები მიიწვიეს ბელარუსში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი მშვიდად მოძრაობდა რუსეთის შიგნით, ივნისის ბოლოს კი ის და მისი ქვეშევრდომები კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტს.

• 27 ივნისს, ამბოხებიდან რამდენიმე დღეში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერს“ სრულად აფინანსებდა სახელმწიფო. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში ვაგნერელებმა რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღეს. გარდა ამისა, პუტინის თქმით, პრიგოჟინის კომპანია Concord-მა „ვოენტორგის“ - რუსეთის არმიის სავაჭრო უწყების - მეშვეობით, სამხედროებისთვის საკვების მიწოდებით წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. 2 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Concord-თან სურსათის მიწოდების ხელშეკრულება გააუქმა.

• უკრაინასთან ომამდე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საიდუმლოდ შეენახა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“არსებობა და დაფინანსება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კომპანია ფართოდ გახდა ცნობილი, ის ღიად იყო დაკავებული რუსეთში მებრძოლების დაქირავებით. უკრაინის ფრონტზე „ვაგნერი“ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთი იყო.

XS
SM
MD
LG