Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ელჩმა უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ინტერნეტმომხმარებლებისთვის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამართა ერთსაათიანი კონფერენცია, რომელზეც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობას შეეხებოდა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა ააშენოს, ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უკვე აქვს "რაღაც ამის ძალიან მსგავსი" და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეერთებული შტატები დიდ ძალისხმევას სწევს.

"საქართველოსთან შეერთებული შტატების თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით უკვე ძალიან მჭიდროა. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც აქ ატარებენ წვრთნებს, ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები და ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან დიდი და ეს გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია იმ შთამბეჭდავი პროგრესის აღნიშვნა, რომელიც საქართველოს არმიას აქვს ბოლო ათწლეულების განმავლობაში: თუკი ადრე საქართველო იყო თანამასპინძელი დიდი წვრთნების და სავარჯიშოების ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ახლა საქართველო უკვე დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ნატოს სტანდარტებისადმი ქართული ჯარის თავსებადობისთვის, ასევე მის საომარ მზადყოფნაში ყოფნისთვის.

შეერთებული შტატები გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და რითაც ამას ვადასტურებთ, არის ჩვენი მუდმივი ძალისხმევა, დაგეხმაროთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მე ვფიქრობ, ეს ვაჩვენეთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება. ყველაფერი, რასაც აქ, საქართველოში, ვაკეთებთ, დაკავშირებულია სამ საკვანძო მიზანთან. პირველი, რომ დავეხმაროთ საქართველოს, იყოს უფრო ძლიერი, დაცული, მეტად ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს აგრესია ისეთი აგრესიული მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი", - თქვა კელი დეგნანმა ონლაინ კონფერენციაზე.

საქართველოს თავდაცვაზე საუბრისას მან ახსენა ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტიც, რომელიც 12 ივნისს დასრულდა. ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა და ამ კარში შესასვლელად მას რეფორმების განხორციელება სჭირდება.

XS
SM
MD
LG