ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ინტერნეტმომხმარებლებისთვის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამართა ერთსაათიანი კონფერენცია, რომელზეც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოს მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას შეეხებოდა.
"როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები? რატომ არ ასანქცირებთ მათ?" - ამ კითხვის პასუხად კელი დეგნანმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება საკმარისი და მყარი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის უკანონო საქმიანობის ან კორუფციაში ჩართულობის შესახებ.
"სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როცა არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, მაშინ ხდება სანქციების დაწესება.
თქვენ გახსოვთ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავიზო სანქციები 4 ქართველი მოსამართლისთვის - ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია. დამოუკიდებელი სასამართლო უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნესდავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკრეტული პირი ეწევა არალეგალურ საქმიანობას ან ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას, ჩვენ ვმოქმედებთ", - თქვა ელჩმა.
საქართველოს ხელისუფლებაზე მან ისაუბრა კიდევ ერთი კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, კელი დეგნანმა თქვა, რომ ამერიკას არ აქვს ამ პროცესში ხმის მიცემის უფლება, თუმცა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია. ელჩმა განმარტა, რომ საქართველოს ამ გზაზე ჯერაც შესასრულებელი აქვს 12 რეკომენდაციიდან 9 და მნიშვნელოვანია, ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ მიზნის მიღწევაზე ერთობლივი ძალისხმევით იზრუნონ.
"რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს", - თქვა კელი დეგნანმა.