ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა უკრაინისთვის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. იგი მიიჩნევს, რომ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა, უკრაინა ნატოში რომ მიეწვიათ.
უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც „დიდი შვიდეულის“ წევრები კისრულობენ, მაგრამ თქვა, რომ „ისინი ვერ შეცვლიან ნატოში გაწევრიანებას.“ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ „დიდი შვიდეულის“ დაპირებები განხილული უნდა იქნეს არა როგორც ნატოს წევრობის შემცვლელ მიღწევად, არამედ „უსაფრთხოების გარანტიებად ინტეგრაციის გზაზე.“
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გასაგებია, რომ უკრაინას არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, როცა ომი აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ომის შემდეგ უკრაინა ნატოში იქნება. ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ეს მოხდეს", - თქვა ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დადებითად შეაფასა ნატოს მხრიდან იმის აღიარება, რომ უკრაინას აღარ სჭირდება MAP-ი, ალიანსში „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.“