7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი ალექსანდრე დადიანიძე. გამოძიებამ მას სთხოვა, შეესწავლა, იყო თუ არა ლაზარე გრიგორიადისის სამოსზე და ფეხსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი.
ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით, ნავთობპროდუქტების კვალი მხოლოდ გრიგორიადისის ქურთუკზე იპოვა, ფეხსაცმელზე, ჰუდსა და ქუდზე კი ის არ აღმოჩნდა.
ექსპერტმა სასამართლოს განუმარტა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, რა ხანდაზმულობისაა მის მიერ აღმოჩენილი კვალი ქურთუკზე. ამასთან, ექსპერტის თქმით, კვალი შეიძლება დაეტოვებინა როგორც ბენზინს, დიზელს ან ნავთს, ასევე ზეთოვან ნავთობპროდუქტებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანის ზეთი.
გრიგორიადისის ადვოკატებმა ექსპერტს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, ნავთობპროდუქტების კვალი ტანსაცმელზე დაბინძურებული გარემოდან გაჩნდეს.
“იმპროვიზაცია მიჭირს, მაშინ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერიმენტი. რის გამო იყო ეს [ნავთობპროდუქტების კვალი გრიგორიადისის ქურთუკზე], ამის თქმა გამიჭირდება”, - უთხრა სასამართლოს ექსპერტმა.
მას ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა წყლის ჭავლის მისხმის შედეგად გაჩენილიყო ნავთობპროდუქტები ქურთუკზე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მაშინ, როცა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებდა, იწვოდა მანქანები და გამოძიების მტკიცებით, აქციის მონაწილეები მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ექსპერტმა ამ კითხვის პასუხად განმარტა, რომ ჩვეულებრივი შემადგენლობა ამ შესაძლებლობას გამორიცხავს და მისი კვლევის საგანი არ ყოფილა, რამდენად იყო გარემო დაბინძურებული იმ არეალში.
ლაზარე გრიგორიადისმა ექსპერტს ჰკითხა, ქურთუკის კონკრეტულად რომელი ნაწილზე იქნა აღმოჩენილი ნავთობპროდუქტის კვალი, რაზეც ექსპერტმა თქვა, რომ კვალი იმდენად მცირე იყო, კონკრეტული არეალის დასახელება შეუძლებელია.
ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ნიმუშები აიღეს ქურთუკის მთლიანი შიდა და გარე ზედაპირებიდან, ასევე ჯიბეებიდან და მისი ნაწილები ცალ-ცალკე არ შეუსწავლიათ. ექსპერტის განცხადებით, სამოსს არ აღენიშნებოდა ლაქა, რათა ცალკე რომელიმე ნაწილი შესწავლილიყო:
„შიდა და გარე ზედაპირი, მათ შორის ჯიბეებიც, ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ერთ ნიმუშად, იმიტომ რომ, როდესაც ასეთ მცირე კვალს იკვლევ, მისი აღმოჩენა შეუძლებელია, კონკრეტულად მარტო მანჟეტი რომ გამოვიკვლიოთ. ამასთან, ნავთობპროდუქტებს ახასიათებს აორთქლება და გავრცელება. როდესაც ის მოთავსებულია პაკეტში, ის ორთქლდება, ცირკულირებს, კონდენსირება და სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს მოდებული. თუ ლაქა არ აღენიშნება, კონკრეტულ ნაწილს არ ვიკვლევთ. პირველად ხდება ულტრაიისფერი განათების ქვეშ დათვალიერება და ლაქა თუ გამოვლინდება, მაშინ, კი ბატონო“, - ასე უპასუხა ალექსანდრე დადიანიძემ შეკითხვას.
11 ივლისის სასამართლო სხდომაზე სიტყვის თქმის უფლება არ გამოუყენებია ლაზარე გრიგორიადისს. მან დარბაზს აჩვენა მხოლოდ რვეულში გაკეთებული წარწერა: “თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს”. ესაა ფრაგმენტი ქართული ბენდის, “კაია კატას” სიმღერიდან, “ცრის.” ამ სიმღერაში ლაზარეს მიერ გამოყენებული ფრაგმენტი გრძელდება ფრაზით: “მე უჩუმრად არ დავტოვებ ამ საკანს” და მთავრდება სიტყვებით: “აქ ჩემი ტომი დგას.”
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.
ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
27 ივნისს, აღმკვეთი ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობა და უარი თქვა გირაოს სანაცვლოდ გრიგორიადისის გათავისუფლებაზე.