Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი წინ წასწევს თურქეთისთვის F-16-ების გადაცემის საქმეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს, განაცხადა 11 ივლისს აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში, სადაც იმართება ნატოს ორდღიანი სამიტი.

სალივანმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ცხადად მიგვანიშნა, რომ მხარს უჭერს გადაცემას". სალივანს არაფერი უთქვამს ვადების დეტალებზე.

10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დათანხმდა, რომ პარლამენტს გაუგზავნის შვედეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ანკარამ ეს ნაბიჯი გადადგა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. თურქეთს, შვედეთის საკითხზე თანხმობის სანაცვლოდ, სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდა უშუალოდ სტოკჰოლმის, ასევე აშშ-ისა და დასავლელი მოკავშირეების მიმართ როგორც შეიარაღების მიწოდების სფეროში, ისე ევროკავშირთან თავისი დაახლოების საკითხებში.

შვედეთმა, ფინეთთან ერთად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვალა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და ნატოში შესვლა გადაწყვიტა. ფინეთი ალიანსს გაზაფხულზე შეუერთდა. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდნენ თურქეთი და უნგრეთი. თურქეთის თანხმობის შემდეგ, უნგრეთმაც გამოაცხადა, რომ ემხრობა შვედეთის გაწევრიანებას ნატოში.

XS
SM
MD
LG