Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩიაშვილის ადვოკატი ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას "თავხედურ ტყუილად" მიიჩნევს


გიორგი ბაჩიაშვილი 6 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე
გიორგი ბაჩიაშვილი 6 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებას ფეისბუკზე ეხმაურება და მის ბრალდებებს ბაჩიაშვილის მიმართ "თავხედურ ტყუილებს" უწოდებს.

რობერტ ამსტერდამი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს საქმე არის "ნამდვილი სირცხვილი" საქართველოსთვის. ადვოკატი ხაზს უსვამს თავის 40-წლიან პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მას არ ახსენდება სხვა საქმე, რომელიც ასეთი "არარსებული მიზეზებით" აღძრულიყო.

"ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იღეს პასუხისმგებლობას ბრალდებაზე და მისი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ საქმე არ ეფუძნება რაიმე რეალურ გამოძიებას, ცხადს ხდის ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციის არსებობას და ბიძინას სურვილს, გამოიყენოს სახელმწიფო ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის რეპუტაციის გასანადგურებლად", - წერს ადვოკატი.

წერილი, რომელსაც რობერტ ამსტერდამი ეხმაურება, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ დღეს გაავრცელა. ვრცელ წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ლოგიკური ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მისგან მითვისებული
ბიტკოინებით დააგროვა.

გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა. პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით დაიწყო. ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თანაინვესტირების ფონდის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის დაარსებიდან, 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG