Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, 1 - გამართლდა


ვაკის პარკი, შემთხვევის ადგილი
ვაკის პარკი, შემთხვევის ადგილი

თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.

ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა
ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა

პატიმრობაში იქნებიან:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცვანიძე - სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა;
  • "გრინსერვისი+-ის" თანამშრომელი დევი კახოიძე - 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიან​ი - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • "მშენ-ექსპერტის" დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი - 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილი - 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიყიტაშვილი - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • ელექტროშემდუღებელი გიორგი გობეჯიშვილი - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (სისხლის სამართლის კოდექს​ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ედავებოდა გამოძიება ვალერი გობეჯიშვილს, გიორგი გობეჯიშვილის ძმას. მოსამართლემ ის გაამართლა.

ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

"ვაკის პარკის საქმე" თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ ეპიზოდად განიხილება. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. მოგვიანებით დააკავეს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილიც.

XS
SM
MD
LG