Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ლომიძე: როცა ზეციდან ცეცხლს ნატრობთ ვინმეს დასასჯელად, დაფიქრდით, საკუთარ თავზე ხომ არ მოიწევთ


დეკანოზი თამაზ ლომიძე
დეკანოზი თამაზ ლომიძე

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე პასუხობს ხშირ საყვედურებს, თუ რატომ არ ლაპარაკობს სოდომ-გომორის ცოდვებზე.

დეკანოზი წინასწარმეტყველ იეზეკიელის სიტყვებს იხსენებს და წერს, რომ, ბიბლიის მიხედვით, სოდომის ცოდვებად ითვლება პირველ რიგში: „ამპარტავნება, ღორმუცელობა, უდარდელობა, ღარიბ-ღატაკის შეუბრალებლობა, მედიდურობა და შემდეგ ყველა სხვა სისაძაგლის კეთება“.

„თუ თქვენ ხართ ამპარტავანი, გაუმაძღარი, უდარდელი, შეუბრალებელი და მედიდური, თქვენ ასევე სოდომის ცოდვებში ცხოვრობთ, ანუ ხართ სოდომელი. როცა ზეციდან ცეცხლს ნატრობთ ვინმეს დასასჯელად, დაფიქრდით, საკუთარ თავზე ხომ არ მოიწევთ მაგ ცეცხლს? არცერთი არ გამძიმებთ ამ 5 სოდომური ცოდვიდან?“ - შეკითხვას სვამს დეკანოზი.

9 ივლისს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რომ „სოდომური ცოდვის“ საქართველოსთვის თავს მოხვევაზე „მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები“ და ამის განხორციელება გარე ძალებს სახელმწიფო სტრუქტურების, ხელისუფლებისა და სამართალდამცველების მეშვეობით აქვთ ჩაფიქრებული.

„ერთი გვყავს ასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს“, - თქვა მიტროპოლიტმა მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ და დაამატა, რომ მთავარსარდალი [საქართველოს პრეზიდენტი] „უაზრობაშია შესული“ და „საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია“, იმდენად არის დაპირისპირებული მოსახლეობასთან.

ვიდრე 8 მაისს რადიკალური, ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ფესტივალს ჩაშლიდნენ და ტერიტორიას დაარბევდნენ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მათ, როგორც "შავმაისურიან რჯულის დამცველებს" მიმართა.

„გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა“, - დაწერა დეკანოზმა.

8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ისინი ანადგურებენ ნაგებობებსა და საგნებს კერძო ტერიტორიაზე. კადრებში ასახულია მათ მიერ ფესტივალისთვის მომზადებული გაზიანი სასმელებისა თუ სხვა ნივთების დატაცების ფაქტები.

აქციის მთავარი ორგანიზატორი, 5 ივლისის მსგავსად, კვლავ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იყო, რომელიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ლიდერები წინა დღეებში ძალადობით იმუქრებოდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორებს ტერიტორია წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით საჩქაროდ დაატოვებინეს. შს სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების შეჩერება „გაშლილ ტერიტორიაზე“ მათი სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა.

"თბილისი პრაიდის" ფესტივალის ორგანიზატორთა შეფასებით, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას და ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ "პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა".

XS
SM
MD
LG