Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია ორი პირი, საქმე აღძრულია ქურდობის მუხლითაც


შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაწყებულია177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება. ამ საქმის ფარგლებში დაკავებული არავინ არის.

8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ისინი ანადგურებენ ნაგებობებსა და საგნებს კერძო ტერიტორიაზე. კადრებში ასახულია მათ მიერ ფესტივალისთვის მომზადებული გაზიანი სასმელებისა თუ სხვა ნივთების დატაცების ფაქტები.

„Tbilisi Pride-ის" გარდა, როგორც აღნიშნავენ, დიდი ზარალი მიადგა მუსიკალური ფესტივალის, „Tbilis Open Air-ის" ორგანიზატორებსაც. როგორც ტექნიკურმა მენეჯერმა სანდრო სულაქველიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ტერიტორიაზე შეჭრილმა ადამიანებმა დაამტვრიეს და მოიპარეს არაერთი ნივთი.

„მოიპარეს ტექნიკა, სამუშაო ინსტრუმენტები, „კერხერის“ სამრეცხაო აპარატი, უნიტაზიც მიჰქონდაო ვიღაცასო... ზუსტად პარალელში არიან იმ რუსებთან, ვინც 2008 წელს ძარცვავდა საქართველოს“, - ამბობს სულაქველიძე.

ზარალი ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვთ. ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი კომპანიის ზარალმა, წინასწარი დათვლით, მხოლოდ გარკვეული ტიპის სასმელებზე 10-15 ათასი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლებში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არ შედის კოკა-კოლის პროდუქციის საფასური, რაც, გავრცელებული ფოტო და ვიდეოკადრების მიხედვით, 8 ივლისს დარბევისას მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლებმა სხვა ნივთებთან ერთად დაიტაცეს.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. 8 ივლისის მოვლენებს ისინი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გაგრძელებად მიიჩნევენ, როცა ორგანიზატორები არ დასჯილან.

8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორი, 5 ივლისის მსგავსად, კვლავ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იყო, რომელიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ლიდერები წინა დღეებში ძალადობით იმუქრებოდნენ.

შს სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეების შეჩერება „გაშლილ ტერიტორიაზე“ მათი სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა.

ფესტივალის ორგანიზატორთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას და ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ "პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა".

XS
SM
MD
LG