საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოკვლის შესაძლო მცდელობაზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღძრა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.
5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა, რომ შიო მუჯირი, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა.
ამავე ინფორმაციით, მეუფე შიომ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო. ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა კი მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო ერთი კვირის წინ“.
„ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„რუსთავი 2“-მა ასევე 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა საპატრიარქოს დამლაგებელი, რაც „საეჭვოდ ემთხვევა“ მეუფე შიოსთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. თუმცა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დამლაგებელი ქალი ავადმყოფობდა და „არანაირი საფუძველი არ მაქვს მსგავსი ვარაუდების“.
6 ივლისს, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში, ჯაღმაიძემ არ გამორიცხა პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოწამვლის შესაძლებლობა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევებისას მიტროპოლიტის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს.