Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო 


6 ივლისი. დაპირისპირება საგარეჯოში.
6 ივლისი. დაპირისპირება საგარეჯოში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით (154-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამოძიება დაიწყო საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დააზუსტეს რამდენი ჟურნალისტის საქმეზე აწარმოებენ გამოძიებას.

ერთ-ერთი, ვინც 6 ივლისს საგარეჯოში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტი ია გულიაშვილია. როგორც გულიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ, თუმცა გამოკითხვაზე ჯერ არ მისულა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს, თუმცა მე ვუთხარი, რომ არ შემიძლია და დღეს გამოკითხვაზე ვერ მივიდოდი. საერთოდაც მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას ვითანამშრომლებ თუ არა გამოძიებასთან. რატომ უნდა მქონდეს იმედი რომ სწორად გამოიძიებენ?! დღეს სახელმწიფო გაგვისწორდა, როგორც მედიას, ისე ოპოზიციას და იქ მყოფ პენსიონერებს. მაშინ როცა იმედი უნდა მქონდეს, რომ მე ვინმე დამიცავს, მე ეს იმედი სახელმწიფოსგან და მით უფრო სამართალდამცავებისგან არ მაქვს“, - თქვა ია გულიაშვილმა.

6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს „დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ.

ისინი ჟურნალისტების და ენმ-ს წევრების მისამართით ისროდნენ ქვებს და წყლით სავსე მინის ბოთლებს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ქვა მოხვდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კახეთის რეგიონულ ჟურნალისტს ია გულიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორს სულხან ჭკადუას, დაზიანდა ტელეკომპანიების "მთავარი არხის" „რუსთავი 2“-ისა და „ფორმულის“ ტექნიკა. „ფორმულის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქვები ესროლეს ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც.

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გარი ბუხნიკაშვილის განცხადებით, დაპირისპირებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებიც მონაწილეობდნენ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციის მიერ დასახლებულ პირებთან გასაუბრებას ცდილობდა, საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი მოგვიანებით გამოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა). მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

6 ივლისს პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან პენსიონერების საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული.

XS
SM
MD
LG