Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო


ფიზიკური დაპირისპირება საგარეჯოში. 6 ივლისი 2023 წელი
ფიზიკური დაპირისპირება საგარეჯოში. 6 ივლისი 2023 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა). ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს„დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ.

ისინი ჟურნალისტების და ენმ-წევრების მისამართით ისროდნენ ქვებს და წყლით სავსე ბოთლებს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ქვა მოხვდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კახეთის რეგიონულ ჟურნალისტს ია გულიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორს სულხან ჭკადუას, დაზიანდა ტელეკომპანიების "მთავარი არხის" „რუსთავი 2“-ისა და „ფორმულის“ ტექნიკა. „ფორმულის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქვები ესროლეს ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარის დროული გამოიძიებისკენ მოუწოდა.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან“ - წერია ქარტიის განცხადებაში.

6 ივლისს საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური ძალადობის დროს დაზიანება მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ციციშვილმაც.

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.

„ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული "ტიტუშკები". საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, ის იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. ასევე საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი.იქ იყო ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ".- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახლებულ პირებთან გასაუბრებოდა ცდილობდა, საკრებულოს შენობაში არ შეგვიშვეს.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან პენსიონერების საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული.

ინციდენტის შემდეგ ხაბეიშვილმა პენსიონერებთან შეხვედრის ჩატარება შეძლო.

მსგავსი დაპირისპირება მოხდა 30 ივნისს კასპშიც.

XS
SM
MD
LG