Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ედავება 40 მლნ-მდე დოლარის ბიტკოინის მითვისებას


გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება და სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს.

პროკურატურა თავის განცხადებაში ბრალდებულს მოიხსენიებს ინიციალებით გ.ბ., ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ი კი იუწყება, რომ გ.ბ. გიორგი ბაჩიაშვილია, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლებასთან დეტალებზე არ ისაუბრეს "თანაინვესტირების ფონდში", თუმცა თქვეს, რომ "ეს საკითხი [დანაშაული რომელზეც პროკურატურა იტყობინება - რ.თ.] საქართველოს თანაინვესტირების ფონდს არ ეხება".

გიორგი ბაჩიაშვილი 2019 წლიდან დღემდე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, რაც აღნიშნულია ფონდის ვებგვერდზე.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მისი პირადი და ინვესტორის თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.

გამოძიების ინფორმაციით, ბიტკოინის მაინინგის მომსახურებაზე პასუხისმგებელი უცხოური კომპანია იყო, რომელმაც ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 1-წლიანი ხელშეკრულება დადო.

ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს...

1 წლიან პერიოდში კომპანიამ გამოიმუშავა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც, ინვესტორის სუფთა მოგება იყო 8 253.13 ბიტკოინი.

დანასაულში ბრალდებულმა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის დარჩენილი კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მითვისებული აქტივებით ისარგებლა, უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებები და აქტივები შეიძინა.

თბილისის საქალაქო სასამართლში საქმის განხილვა დღეს, 19:00 საათზე ჩაინიშნა. რადიო თავისუფლებასთან კომენტარისას გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მის პოზიციას პროცესის შემდეგ ადვოკატი გააჟღერებს.

საგამოძიებო უწყებამ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით დაიწყო. ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის დაარსებიდან, 2013 წლიდან 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.

XS
SM
MD
LG