Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ფრენებს იწყებს


„ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი
„ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი

ავიაკომპანია Georgian Airways-ი 5 ივლისიდან თბილისის გავლით მოსკოვი-ნიცის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ბილეთების დაჯავშნა ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე შესაძლებელია.

ქართული ავიაკომპანია მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ყოველდღე დაფრინავს. მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით თბილისის გავლით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ტრანზიტული ბილეთის ფასი, კომპანიის ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 1200-დან 1800 ლარამდეა.

Georgian Airways-ი ნიცაში ტრანზიტული რეისების გარდა, ასევე შეასრულებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ვენის, ამსტერდამის, მილანის, სალონიკის, ბერლინის, თელ-ავივისა და ლარნაკის მიმართულებებით.

მოსკოვიდან ევროპის მიმართულებით თბილისის გავლით ავიარეისების შესაძლებლობის შესახებ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორმა 25 მაისს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდა, მათაც გაიზიარონ მისი ბოიკოტი.

საპასუხოდ "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და დაამატა, რომ ვიდრე ის "ქართველი ხალხის წინაშე" ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს, სანქციები დაუწესდა.

თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა "აბსურდი და უსამართლობაა.“

საქართველო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“, რომელიც „ცალსახად მიუღებელია" და "არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“.

"საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით"

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა "ჯორჯიან ეარვეისმა" 20 მაისიდან დაიწყო. მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.

XS
SM
MD
LG