საქართველოს ელჩის საკითხზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს უკრაინის მკაცრ რეაქციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულების გამო.
„ხვალ დილით [4 ივლისს] საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი, ის გაემგზავრება საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა და დაგვიბრუნოს ჩვენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე“, - ვკითხულობთ კულებას განცხადებაში.
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება.
„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს", - წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას.
3 ივლისს კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. 1 თებერვლის შემდეგ, როდესაც იგი თავისი სასჯელის გადავადების პროცესზე ასევე დისტანციურად ჩაერთო, ეს მიხეილ სააკაშვილის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. მნიშვნელოვნად სახეცვლილმა, დისტროფიულმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა 3 ივლისის სხდომაზე უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".
3 ივლისს სასამართლომ "7 ნოემბრის საქმე" განიხილა. ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.