Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს


სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. 29 ივნისი, 2023 წელი
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. 29 ივნისი, 2023 წელი

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, სადაც დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს, უსმენდნენ, პერფორმანსის მონაწილეები საპროტესტო შინაარსის წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა.

"საკმარისია, ახლა შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. სხდომა განახლდება, როცა კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

პროტესტის მონაწილეებს მაისურებზე ეწერათ: "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია", "არა ცენზურას", "კულტურა გადავარჩინოთ", "დამოუკიდებლობა კულტურას", "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "თავისუფლება მუზეუმს", "ქართული კინო საფრთხეშია".

რეჟისორი პაატა ციკოლია მედიასთან კომენტარში ამბობს, რომ მათი მიზანი პარლამენტის წევრებისთვის თავიანთი სათქმელის მიწვდენა იყო:

"გვინდა, ხმა მივაწვდინოთ პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, განსაკუთრებით კულტურის კომიტეტს, და ვუთხრათ, რომ დღეს ქართული კინო საფრთხეშია, საერთოდ კულტურა არის საფრთხეში".

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკპოსტები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი - პროპაგანდისტული ტელეკომპანია "პოსტივის" წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

XS
SM
MD
LG