Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: პრიგოჟინი გეგმავდა ამბოხების დროს შოიგუსა და გერასიმოვის დაკავებას


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსი ვალერი გერასიმოვი. 16 დეკემბერი, 2022.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსი ვალერი გერასიმოვი. 16 დეკემბერი, 2022.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხების დროს გეგმავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავებას დონის როსტოვში მათი ჩასვლისას. ამის შესახებ ოთხშაბათს იტყობინება The Wall Street Journal-ი (WSJ) დასავლეთის ქვეყნების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, პრიგოჟინს მოუწია გეგმების შეცვლა და იმპროვიზაცია, რადგან ფსბ-მ შეიტყო მისი გეგმის შესახებ. შედეგად მან დაგეგმილზე ადრე დაიწყო ამბოხება, რაც შესაძლოა შეიარაღებული ოპერაციის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

როგორც გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, ფსბ-მ შოიგუსა და გერასიმოვის ხელში ჩაგდების გეგმის შესახებ მის სავარაუდო განხორციელებამდე ორი დღით ადრე შეიტყო. ზუსტ თარიღებს არ ასახელებენ. პრიგოჟინმა თავისი გამოსვლა, რომელსაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა, 23 ივნისის საღამოს დაიწყო და იმავე დღეს გამოაცხადა, რომ შოიგუ და გერასიმოვი როსტოვიდან „გაიქცნენ“. ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი იმ დღეს დონის როსტოვში და ზუსტად როდის აპირებდა პრიგოჟინი მათ დაკავებას, ზუსტად არ არის ცნობილი.

მეორე დღეს, დილით, „ვაგნერის“ რაზმებმა კონტროლი დააწესეს სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის შენობაზე. პარალელურად იქ იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელმაც, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ხელი შეუწყო მასა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებებს.

WSJ-ის თანახმად, დასავლურმა სპეცსამსახურებმა ასევე წინასწარ იცოდნენ პრიგოჟინის გეგმების შესახებ სატელიტური სურათებისა და ხელში ჩაგდებული ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით და მიიჩნევდნენ, რომ ამბოხებას წარმატების კარგი შანსი ჰქონდა, თუ ის გეგმის მიხედვით წარიმართებოდა.

დასავლური დაზვერვის თანახმად, რეგულარული ჯარების ზოგიერთი მეთაური შეიძლება შეთქმულების თანამონაწილე იყო. The New York Times-ის შემდეგ WSJ-იც წერს, რომ პრიგოჟინს შეეძლო თავისი გეგმები გაეზიარებინა გენერალ სერგეი სუროვიკინისთვის. თუმცა, უცნობია, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სუროვიკინმა მხარი დაუჭირა თუ არა პრიგოჟინს, თუ, პირიქით, ინფორმაცია ფსბ-ს გადასცა. ამბოხების დაწყების შემდეგ გენერალმა საჯაროდ დაგმო ამბოხება. მას შემდეგ ის მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს, მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ჭორი ვრცელდება.

ადრე ამერიკული მედია წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვას მოეპოვებოდა პრიგოჟინის მიერ ამბოხების მოწყობის გეგმები, მაგრამ, დიდი ალბათობით, მან არ იცოდა შეიარაღებული ოპერაციის ზუსტი თარიღი. დასავლელი ანალიტიკოსები ჯერ კიდევ სწავლობენ, წარუმატებლობის მიუხედავად რამდენად შეარყია ამბოხებამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება.

უკანასკნელ თვეებში პრიგოჟინი მწვავედ აკრიტიკებდა შოიგუსა და გერასიმოვს და მათ უკრაინის წინააღმდეგ ომის არაკომპეტენტურად წარმოებაში ადანაშაულებდა. მათი გადადგომა ერთ-ერთი ოფიციალური მოთხოვნა იყო „სამართლიანობის მარშისა“, რომლის დროსაც „ვაგნერის“ შენაერთებმა დონის როსტოვი დაიკავეს და თითქმის წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს ასობით კილომეტრი მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე.

არც შოიგუსა და არც გერასიმოვს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამბოხებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. მისი დაწყების შემდეგ გერასიმოვი საერთოდ არ გამოჩენილა საზოგადოებაში.

აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინი არ აჯანყდებოდა, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში მყოფი სხვა პირები გაუწევდნენ დახმარებას, წერს The New York Times-ი.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სუროვიკინის შესახებ ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამბოხების ირგვლივ ბევრი განსხვავებული სპეკულაცია იქნება. „ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ასეთი მაგალითია“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG