Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა


ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში
ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი.

სასამართლოს სხდომაზე გრიგორიდისმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ სურს სხდომაზე იმყოფებოდნენ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მათი ადვოკატის ახსნილი და მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა მარტო. მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა“, - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

მანვე აღნიშნა, რომ ექნება "TV იმედთან' ცოტა ხანში სასამართლო სხდომა", ვინაიდან მათ "მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, ანუ ისე გააკეთეს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას".

მან ასევე თქვა, რომ ექნება სასამართლო დავა „თმებთან“ დაკავშირებითაც. „სამი სასამართლო მექნება ცოტა ხანში. ალბათ, გლდანის ციხესთანაც დაკავშირებითაც გავაკეთებ, რა დარღვევები ხდება იქ“, - თქვა ლაზარე გრიგორიდისმა დღევანდელ სხდომაზე.

სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში

ლაზარე გრიგორიადისს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ 31 მარტს შეუფარდა.

26 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს. სარჩელით ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მორალური ზიანის სახით 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ.

3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG