Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი - ლუკაშენკა


„თუ რუსეთი დაიშლება, ნანგრევების ქვეშ ჩვენ ყველანი მოვყვებით, ყველანი დავიღუპებით", - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
„თუ რუსეთი დაიშლება, ნანგრევების ქვეშ ჩვენ ყველანი მოვყვებით, ყველანი დავიღუპებით", - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სამხედროებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 27 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც, კერძოდ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ამბოხს უკავშირდება, ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

"გაცემული იქნა ყველა ინსტრუქცია არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. დღის მეორე ნახევარში არმია, მთელი შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იქნება", - განაცხადა ლუკაშენკამ.

რუსეთში ამბოხის მცდელობაზე საუბრისას ლუკაშენკამ თქვა, რომ თუ რუსეთი დაიშლება, "ჩვენ ყველანი ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიღუპებით. ასევე, მისი თქმით, "თუ არეულობა იქნებოდა, დასავლეთი ამით მაშინვე ისარგებლებდა".

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ეს ინფორმაცია დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა მონიტორინგის ჯგუფმა, Беларускі Гаюн-მა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია 24 ივნისის შემდეგ, როცა მან მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ მსვლელობა შეაჩერა. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. 26 ივნისს რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ ევგენი პრიგოჟინი და მისი მხარდამჭერი მებრძოლები უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე არიან, რასაც Беларускі Гаюн-ი უარყოფდა.

26 ივნისს სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა.

  • 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი და ხელში ჩაიგდო სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი.
  • "ვაგნერის" კოლონები დაიძრნენ მოსკოვისკენ და 24 ივნისის საღამოს დაუბრკოლებლად მიაღწიეს მოსკოვის ოლქის საზღვრებს. რუსეთის დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართვაში აჯანყების სასტიკად ჩახშობის პირობა დადო.
  • 24 ივნისის საღამოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დაარწმუნა პრიგოჟინი შეჩერებულიყო და თავისი რაზმები ზურგში, ბანაკებში დაებრუნებინა.
  • პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში "გადავა" და რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება.
  • პუტინმა დაადასტურა თავისი პრესმდივნის ეს სიტყვები.
XS
SM
MD
LG